გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
უფროსკლასელები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ფიზიკის დეპარტამენტს ესტუმრნენ
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები და ფიზიკის მასწავლებლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტს ვესტუმრეთ. ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებაში დაგვეხმარა ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი გელა გოდერძიშვილი.
ზოგადსაუნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელმა პროფესორმა დავით სონღულაშვილმა გულითადად გვიმასპინძლა. მან მოსწავლეებს დაათვალიერებინა ვირტუალური ლაბორატორია და ამ ლაბორატორიის დახმარებით ამოცანებიც ამოახსნევინა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა რეალურ-ვირტუალური ამოცანების ამოხსნა. რეალური და ვირტუალური სამყაროს საოცარი სინთეზი საშუალებას იძლევა პრაქტიკული ამოცანის გადაწყვეტის პროცესში დავაკვირდეთ თვალისთვის შეუმჩნეველ მოვლენებს. მაგალითად, გამტარში დენის გავლის პროცესში ნაწილაკების მოძრაობას, წინაღობის ცვლილებას ტემპერატურის ცვლილებით. ამ გზით მიღებული შედეგები მოსწავლეს არასდროს დაავიწყდება.
ბატონმა დავითმა ხმოვანი ლაბორატორიაც გაგვაცნო. მასში მექანიზმები ხმოვან ბრძანებებს ასრულებენ. განსაკუთრებული ხალისით მაინც რობოტები დავათვალიერეთ: ზოგი ხატავს, ზოგი წერს, ზოგი დაბრკოლებებს მოხერხებულად უვლის გვერდს, ზოგი ბალანსირების დიდოსტატია, ზოგიც ფოტოდიოდის დახმარებით, რთულ ტრაექტორიაზე ყოველგვარი შეცდომის გარეშე მოძრაობს.
ტექნიკურ უნივერსიტეტში გატარებული რამდენიმე საათი მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.