გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
(მასწავლებელი: ზინა გველესიანი) პროფესორი დავით სონღულაშვილი ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ხშირად მასპინძლობს. მის ლაბორატორიაში მრავალი საინტერესო ცდის ნახვაა შესაძლებელი. ბატონი დავითი უშურველად ხარჯავს თავის დროს და ენერგიას მოსწავლეებთან შეხვედრისას. ამჯერადაც ყოველი ცდის ჩატარებისას ცდილობდა მოსწავლეებისთვის ფიზიკის საგნის პრაქტიკულ- გამოყენებითი მხარე ეჩვენებინა. VII -კლასელებისთვის განსაკუთრებით საინტერესო გარემო იყო. VIII-IX კლასის მოსწავლეებს უკვე შესწავლილი აქვთ მოძრაობის კინემატიკა, დინამიკა და წონასწორობის სახეები. მათთვის მარტივად გასაგები იყო ამ თემებზე ნაჩვენები ცდები. ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონათ რეალურ- ვირტუალური ლაბორატორია. მისი დახმარებით გააცოცხლეს წიგნის გვერდები და ტყვიამფრქვევიდან გასროლილი ჭურვის მოძრაობის პარამეტრებს დააკვირდნენ. რობოტი ,,ღამურა“, ,,სვანი“ რობოტი, რომელსაც ვერტიკალურ ზედაპირზე ხატვა შეუძლია, მოცეკვავე -მოსაუბრე რობოტი- მექანოიდი გარკვეული დროით მოსწავლეების მეგობრებად იქცნენ და მათ მითითებებს ასრულებდნენ. განსაკუთრებით ბევრი დავალების შესრულება მომღერალ რობოტს მოუწია, რომელიც იმითაც გამორჩეული იყო, რომ ვირტუალური დირიჟორის ხელმძღვანელობით უკრავდა.